Tuesday, June 11, 2019

კულტურული მრავალფეროვნების სწავლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით საფეხურზე


                 კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე . . . 

განათლება დღევანდელი სამყაროს წარმატების საფუძველია. განათლებით ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო კომუნიკაციური სიცარიელის შევსება და ეს კი შეუძლებელია სკოლაში კულტურული მრავალფეროვნების სწავლების გარეშე. არსებობს კულტურის ბევრი განმარტება, ერთ-ერთი მათგანი მოცემულია იუნესკოს   მიერ- კულტურა არის მთლიანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ცოდნას, რწმენას, ხელოვნებას, მორალს, კანონს, წეს-ჩვეულებებს და ნებისმიერ სხვა უნარებსა და ჩვევებს, რომლებიც ადამიანმა შეიძინა როგორც საზოგადოების წევრმა. Culture] is that complex whole which includes knowledge, beliefs, arts, morals, laws, customs, and any other capabilities and habits acquired by [a human] as a member of society."...( წყარო-.http://www.unesco.org/new/en/social-and-human-sciences/themes/international-migration/glossary/cultural-diversity/).
    ზოგიერთი მეცნიერი კულტურას აფასებს, როგორც მეხუთე ენობრივ უნარ-ჩვევას. ჰოლანდიელი ფსიქოლოგი გრეეთ ჰოფსტედი თავის წიგნში „კულტურა და ორგანიზაციები“ (2005) კულტურას უწოდებს ‘გონების პროგრამულ უზრუნველყოფას’. ამ ტერმინის უკან მოიაზრება ზოგადად მიღებული ტრადიციები, ფასეულობები და კონკრეტული საზოგადოების ქცევის ნორმები, ასევე კულტურული არტეფაქტები, როგორიცაა ხელოვნება და სპორტი. თუმცა კულტურის სხვა გაგებაც არსებობს,  როგორიცაა  კულტურული აღქმა, ანუ რა უნარები სჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობას თავი გაართვას. სწორედ ამიტომაც ჰქვია კულტურას მეხუთე ენობრივი უნარ-ჩვევა, რომ კარგი გრამატიკულ-ლექსიკური ცოდნით, ჩვენ შევძლოთ  ფუნქციური საუბრები ენის მატარებლებთან.
      უცხო ენის სწავლების როლზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ- უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია, რომ მოსწავლეს განუვითარდეს პლურილინგვისტური კომპეტენცია, სამეტყველო უნარები უცხო ენაზე, გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წამომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის,  განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი და ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ.
        დაწყებით კლასებში ამ მხრივ გაკვეთილზე მასალის ათვისებას, გაანალიზებას და გამოყენებას ართულებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს ამ ასაკში არა აქვთ საკმარისი ცოდნა სხვა საგნებში როგორიცაა: გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, უცხოური ლიტერატურა და ასევე მათი ზოგადი დამოკიდებულება ამა თუ იმ კულტურის მიმართ ჩამოყალიბებულია ანიმაციური ფილმებიდან, ვიდეო კლიპებიდან, ფილმებიდან ან ელექტრონული თამაშებიდან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შევუქმნათ ნათელი წარმოდგენა იმ ქვეყნების კულტურის შესახებ, რასაც მათ სახელმძღვანელო სთავაზობთ, თან ისე რომ ეს  იყოს მათი უნარებისთვის და შესაძლებლობისთვის  შესაფერისი და გამომდინარეობდეს მათივე ინტერესებიდან.
      2018-19 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულს მე-4 კლასებში გამოვიყენე  ინგლისური ენის კათედრაზე შექმნილი სასწავლო თამაში(Jeopardy)   ამერიკული კულტურის შესახებ, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შეკითხვის ნომერს, ეკრანზე გამოდის შეკითხვა და სავარაუდო სამი პასუხი, სწორი პასუხის არჩევის შემთხვევაში მოსწავლე  იღებს შესაბამის ქულას.  ორივე კლასში აღმოჩნდა,რომ მოსწავლეების უმეტესობამ არ იცოდა ბევრი საკითხი ამერიკის კულტურასთან დაკავშირებით. გარდა ამისა სახელმძღვანელო New Building Blocks 4-ში   სხვადასხვა კულტურული კონტექსტები (ტრადიციები , დღესასწაულები თუ ღირსშესანიშნაობები) რამდენიმე ინგლისურენოვანი ქვეყნის შესახებაა,  თუმცა  მოსწავლეების ზოგადი განათლების დონე, სხვა საგნებში არსებული ცოდნა, წარმოდგენები მსოფლიოს შესახებ რამდენადმე განსხვავდება/არასაკმარისია მოცემული ინფორმაციის აღსაქმელად, გასაანალიზებლად, საკუთარ კულტურასთან შესადარებლად და შესაფასებლად.
       თავდაპირველად, როდესაც მივხვდი რომ მე-4 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებულმა თამაშმა არ მომცა ის შედეგი რაც გაკვეთილზე მქონდა მიზნად, გადავწყვიტე უფრო მეტი ყურადღება გამემახვილებინა სახელმძღვანელოში(New Building Blocks 4) მოცემულ კულტურის თემატიკაზე და სხვადასხვა მასალით გამემდიდრებინა გაკვეთილები. ჩემი შემდგომი მიზანი იყო ყველა შესაძლო თემის გადახედვა, რომლებსაც სახელმძღვანელო გვთავაზობდა, კულტურის თემასთან დაკავშირებული შესასწავლი საკითხების ჩამონათვალის შედგენა, შემდეგ კი მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად ანკეტირების ჩატარება კითხვარების საშუალებით, ამ კითხვარების  პასუხების გაანალიზების საფუძველზე კი შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მოსწავლეთა პროგრესზე დაკვირვება და აქტივობების აკომოდაცია.
 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მიმართულება_ კულტურათა დიალოგის შესაბამისი კლასის სტანდარტი და ინდიკატორები ასე გამოიყურება.